კომაროვის სკოლაში უკვე 17  წელია ფუნქციონირებს შაბათის სკოლა.
“შაბათის სკოლამ” ბევრი ცვლილება განიცადა წლების განმავლობაში და საბოლოოდ ჩამოყალიბდა მათემატიკისა და  ლოგიკის მიმართულების სკოლად მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის. გაკვეთილები კვირაში ერთხელ ტარდება და 3 საათს გრძელდება.
 

„შაბათის სკოლის“ მთავარი მიზანია მოსწავლეს გაუღრმავოს ლოგიკური და რაოდენობრივი აზროვნების უნარი და ზუსტი  მეცნიერებებისადმი გაუღვივოს ინტერესი.


 „შაბათის სკოლის“  გაკვეთილები განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა. სპეციალურად შექმნილი სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი გარემო და ინტერაქციული მიდგომა ქმნის იმ ატმოსფეროს, სადაც მოსწავლე თვითონ არის დაინტერესებული ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში.

 

თითო ჯგუფში 17-20 მოსწავლემდეა, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ შესაძლებელი იყოს ყველა მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომა, მასწავლებლები ზრუნავენ იმაზე, რომ არცერთი საგაკვეთილო თემა არ დარჩეს გაუგებარი.  მე-3-მე-4 კლასელების მასწავლებლები თამაშის პრინციპით ასწავლიან მათემატიკას, რაც უადვილებს მოსწავლეს ამ საგნების აღქმას. ეს აპრობირებული მეთოდია მსოფლიო საგანმანათლებლო პრაქტიკაში და შედეგებიც ამ მხრივ სასარგებლოა. ეს მეთოდი ქმნის კარგ გარემოს გაკვეთილზე და ბავშვებიც სიხარულით ითვისებენ ახალ მასალას.

 

რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, კომაროვის სკოლას აქვს ყველა კლასისთვის სპეციალური კრებული, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა სახელმძღვანელოებიდან ამოკრებილი ამოცანები. ასევე წლების განმავლობაში კომაროვის მასწავლებლების მიერ შექმნილი ამოცანები. 

კრებული გაყიდვაში არ არის, ის უსასყიდლოდ გადაეცემა „შაბათის სკოლის” მოსწავლეებს.


 „შაბათის სკოლაში“ სწავლიდან უკვე ერთ თვეში მოსწავლეების აკადემიური მიღწევები თავიანთ სკოლაში მკვეთრად უმჯობესდება მათემატიკაში.
კომაროვის სკოლას დიდი გამოცდილება და წარმატება აქვს ზუსტი და საბუნებისმეტყველო და ზოგადად ყველა საგნის სწავლების მხრივ. სწორედ ამიტომ გადაწყდა სკოლაში შაბათის სკოლის პროექტის განხორციელება, რათა უფრო მეტმა მოსწავლემ, რომელიც ტექნიკური საგნების გაღრმავებული შესწავლით  არის დაინტერესებული,  თავი იგრძნოს ნამდვილ „კომაროველად”.

 

ვფიქრობთ, კომაროვის „შაბათის სკოლით“ დაინტერესება იმით აიხსნება, რომ მშობელი ხვდება, რაოდენ მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში საბუნებისმეტყველო და ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარება ახალგაზრდებში, ამიტომაც სულ უფრო მეტი მშობელი ინგლისურის, მუსიკის და სპორტის წრეებთან ერთად პრიორიტეტულად სწორედ მათემატიკისა და ტექნოლოგიების წრეებს აყენებს.

 

„შაბათის სკოლა“ ხელს უწყობს ოლიმპიადებზე ახალგაზრდების წარმატებას. ისინი კარგ შედეგებს აღწევენ. საქართველოს რეიტინგული ოლიმპიადების გამარჯვებულების აბსოლუტური უმრავლესობა „შაბათის სკოლის“ მოსწავლეა. შაბათის სკოლაში იმ უნარების განვითარება და იმ ცოდნის მიღება ხდება, რაც წარმატების მომტანია სხვადასხვა შეჯიბრებებში. მათემატიკისა და ფიზიკის ოლიმპიადები ეს ის საკითხია, სადაც კომაროვის სკოლას დიდი მიღწევები აქვს ეროვნული თუ საერთაშორისო მასშტაბით.

ხშირად გვეკითხებიან, თუ რამდენად ეხმარება მოსწავლეს „შაბათის სკოლაში“ მიღებული გამოცდილება და ცოდნა კომაროვში სწავლის გასაგრძელებლად. შაბათის სკოლის მოსწავლეს აქვს 2 შანსი, სწავლა გააგრძელოს კომაროვის სკოლაში.

 

თავისუფალი ადგილების შემთხვევაში,  შაბათის სკოლაში ჩარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს მე-3-4-5 კლასის მოსწავლეთათვის, ხოლო მე-6 კლასელებისთვის, იანვრის ჩათვლით. 

 

ზემოთ