სკოლის ისტორია:


სკოლა თავისი 55 წლიანი არსებობს მანძილზე ორიენტირებულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინის გაღრმავებულ სწავლებაზე. კომაროვში მიღება  მე-7 კლასიდან გამოცდების საშუალებით ხდება. აღსანიშნავია, რომ პედაგოგთა უმრავლესობა ,,კომაროვდამთავრებულია”, რაც მათ ენთუზიაზმს აძლიერებს. მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი მუდმივად ცდილობს არსებული სწავლა-სწავლების პროცესის დახვეწვას და გაუმჯობესებას, ასევე სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. სკოლას ბევრჯერ შეეცვალა სახელი, თუმცა წარმატებები და სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებები არ დაჰკლებია.


კომაროვის სკოლა-პანსიონი:


კომაროვში ფუნქციონირებს სკოლა-პანსიონი, რომელშიც თავმოყრილია საქართველოს ყველა კუთხიდან ნიჭიერი მოსწავლეები. ისინი პანსიონში ცხოვრობენ,  გაკვეთილების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში დროს საშინაო დავალებების მომზადებასა და სახელობო და სპორტული წრეებზე სიარულს უთმობენ. პანსიონში ფუნქციონირებს გამოყენებითი ინფორმატიკისა და პროგრამირების წრეები, სადაც ბავშვები ეუფლებიან ინფორმატიკის საფუძვლებსა და საოფისე პროგრამებს, ქმნიან ვებ-გვერდებს, მონაწილეობენ კომპიუტერულ პროექტებში. საკონფერენციო აუდიტორიაში კი ვიდეოპროექტორისა თუ გონიერი დაფის საშუალებით ტარდება სხვადასხვა ტიპის გაკვეთილები.


სკოლის მიღწევები:


საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე სკოლის მოსწავლეებს 20-ზე მეტი ოქროს, 60-მდე ვერცხლის, 100-ზე მეტი ბრინჯაოს მედალი და 40-მდე საპატიო სიგელი აქვთ მოპოვებული. 

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადასა და ინფორმატიკის ეროვნულ ტურნირში გამარჯვებული მოსწავლეებიდან 37 კომაროველია, რომლებმაც გამარჯვებულის 44 ტიტული მოიპოვეს, მათ შორის 16 პირველი, მეორე ან მესამე ადგილია.

მათემატიკისა და ფიზიკის ოლიმპიადაზე გამარჯვებული მოსწავლეების 80%-ზე მეტი კომაროვის სკოლის მოსწავლეა, ინფორმატიკის ეროვნული ტურნირის გამარჯვებული მოსწავლეების 85%-მდე, ასევე კომაროვის სკოლის მოსწავლეა.

საქართველოს მათემატიკის ეროვნულ ნაკრებში 6-დან 5 წევრი, ფიზიკის ნაკრებში 5-დან 4, ქიმიის ნაკრებში 4-დან 2 წევრი, ხოლო ინფორმატიკის ნაკრებში 4-დან ოთხივე წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლეა. 


კომაროვის სკოლის წარმატებები:


წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებისა და სწავლების პროცესში მუდმივი სიახლეების დანერგვის გზით, სკოლამ მრავალ წარმატებას მიაღწია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგიური ჯგუფის ძალისხმევით ბოლო წლების განმავლობაში კომაროვის სკოლამ არაერთ წარმატებას მიაღწია, მათ შორის:

  • გაიზარდა სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა;
  • პროცენტულად იმატა საბაზო საფეხურზე მაღალი ნიშნების მაჩვენებელმა;
  • სკოლა ინარჩუნებს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულთა სტაბილურად მაღალ, ქვეყანაში ერთ-ერთ პირველ მაჩვენებელს;
  • გაიზარდა რესპუბლიკურ ოლიმპიადებში გამარჯვებულთა რაოდენობა;
  • გაიზარდა ჰუმანიტარულ პროექტებში მონაწილეთა რაოდენობა;
  • სკოლა დამოუკიდებლად მონაწილეობს საერთაშორისო ოლიმპიადებში;
  • შემცირდა დისციპლინარული დარღვევები;
  • გაძლიერდა და განვითარდა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლა/სწავლების ხარისხი;
  • ეფექტურად გამოიყენება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში;
  • რეგულარულად იმართება სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრებები;
  • დიდი წარმატებით ფუნქციონირებს ჭადრაკის წრე;


სკოლის ინფრასტრუქტურა:


სკოლის ინფრასტრუქტურა მოიცავს სამ ინდივიდუალურ კორპუსს. სკოლას აქვს საცხოვრებელი კორპუსი, სამზარეულო, სასადილო, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სასწავლო კაბინეტები, კომპიუტერული კლასი და „მომავლის” კლასი. სკოლის ტერიტორიაზე განთავსებულია ღია სპორტული მოედნები და დახურული სპორტული დარბაზი გასახდელებით, ასევე სკოლის მახლობლად შენდება ჩოგბურთის კორტი. სკოლის პერიმეტრი აღჭურვილია დაცვითი, პერიმეტრული, სახანძრო და გარე ვიდეოკონტროლის სისტემებით, ადგილზე მუშაობს 24 საათიანი დაცვის სამსახური.

 

ზემოთ