შესავალი

სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა, ხარისხიან სწავლებასთან ერთად, გამოირჩევა გაძლიერებული და მაღალი აკადემიური სტანდარტების სასწავლო პროგრამით. სკოლაში სწავლა დაკავშირებულია ინტელექტუალურ დატვირთვასთან, სირთულეებთან და განსხვავებულ გამოწვევებთან.

მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური მდგომარეობის მხარდაჭერის, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებისა და სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლიდან სკოლაში ფუნქციონირებს „მოსწავლეთა ზრუნვის სამსახური“. აღნიშნული სამსახურის მიზანია სკოლაში უსაფრთხო, დაცული, ჰუმანური და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო-აღმზრდელობითი გარემოს უზრუნველყოფა.

„მოსწავლეზე ზრუნვის სამსახური“ ხელმძღვანელობს მულტიდისციპლინური  მიდგომით. მჭიდროდ თანამშრომლობს სკოლის დისციპლინის სამსახურთან და ფსიქოლოგთან, აქტიური კომუნიკაცია აქვს მოსწავლეების მშობლებთან/მეურვეებთან, საგნის მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან. სამსახურის წარმომადგენლები  ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფენ სასკოლო და საკლასო სივრცეში მიმდინარე პროცესების კოორდინაციას, ახდენენ პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებას და ახორციელებენ შესაბამის რეაგირებას, რითაც ხელს უწყობენ როგორც მოსწავლეთა პიროვნულ–საგანმანათლებლო განვითარებას, ისე სასწავლო გარემოს ეფექტურობას.

2019 წლიდან აღნიშნული სამსახური აერთიანებს კლასის ხელმძღვანელებს /ზრუნვის მენეჯერებს, რაც  ხდის ამ მიმართულების საქმიანობას უფრო სისტემურს. კლასის ხელმძღვანელების/ზრუნვის მენეჯერების ცალკე ფუნქციურ ერთეულად გამოყოფა განპირობებულია  იმით, რომ სკოლის პედაგოგების უმრავლესობა სრულად არის ჩართული და დატვირთული საგაკვეთილო პროცესით. აღნიშნული გარემოება  მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ შესაძლებლობას სასწავლო დღის განმავლობაში, მათ შორის შესვენებების პერიოდში,  იმუშაონ მოსწავლეებთან ინდივიდუალურად, განახორციელონ ქცევაზე დაკვირვება, შეაფასონ მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და აწარმოონ მშობლებთან რეგულარული და ეფექტური კომუნიკაცია. კლასის ხელმძღვანელის / ზრუნვის მენეჯერის ფუნქციური ერთეულის არსებობა კი საშუალებას აძლევს სკოლას, ოპტიმალურად მართოს სასწავლო პროცესი, უზრუნველყოს მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული ზრუნვა. ერთდროულად შეუმსუბუქოს როგორც სკოლას, ასევე მშობელსა და მოსწავლეს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში წარმოქმნილი გამოწვევები და დაუსახოს მათ საკითხების  გადაწყვეტის ეფექტური გზები.

კლასის ხელმძღვანელის/ზრუნვის მენეჯერის საქმიანობის სტრატეგიული პრიორიტეტები:

Ø  მოსწავლეებთან ინდივიდუალურ მუშაობა;

Ø  ქცევითი და ემოციური სირთულეების დროული გამოვლენა;

Ø  პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

Ø  მშობლებთან ეფექტიანი კომუნიკაცია;

Ø  საჭიროების შემთხვევაში სკოლის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაცია;

 

სტრატეგიული მიზნები და ამოცანები

კლასის ხელმძღვანელის / ზრუნვის მენეჯერის საქმიანობის სტრატეგიული მიზანია მოსწავლეთა კომპლექსური განვითარების უზრუნველყოფა და მათთვის ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას, აკადემიური წარმატების განმტკიცებასა და პიროვნული პოტენციალის სრულ რეალიზებას. თითოეული მათგანი მუშაობს არაუმეტეს ორ კლასთან და მონაწილეობას იღებს მოსწავლეების ინტელექტუალური და სოციალური განვითარებისთვის ეფექტური გარემოს შექმნაში.  ყოველდღიურ რეჟიმში თვალყურს ადევნებენ მოსწავლეების აკადემიურ, ქცევით და ემოციურ მდგომარეობას. თავისი საქმიანობით ხელს უწყობენ მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელსა და სკოლას შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.  

ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად კლასის ხელმძღვანელის/ზრუნვის მენეჯერის საქმიანობა ორიენტირებულია შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზე:

·        მოსწავლეთა ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარების სისტემური მხარდაჭერა;

·        თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების იდენტიფიცირება, პოტენციური რესურსების გააქტიურება; მათი ნიჭისა და უნარების განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა;

·        პასუხისმგებლობის და თვითდისციპლინის განვითარების ხელშეწყობა;

·        მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო და გარე საგანმანათლებლო, შემოქმედებით, სპორტულ და სოციალურ აქტივობებში;

·        ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება/შენარჩუნება.

მათი საქმიანობა ემყარება პრევენციის, მხარდაჭერის, ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს. მიმართულია უსაფრთხო, სტაბილური, არაძალადობრივი და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო-აღმზრდელობითი გარემოს უზრუნველყოფისკენ.

 

შერჩევა და გადამზადება

კლასის ხელმძღვანელის / ზრუნვის მენეჯერის შერჩევა ხდება კონკურსის წესით, შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციისა და კომპეტენციების გათვალისწინებით. პრიორიტეტი ენიჭება პედაგოგიური ფსიქოლოგიის პროფილის მქონე კადრებს.   შერჩეული კანდიდატები გადიან სპეციალურ გადამზადებას, დეტალურად ეცნობიან მოსწავლეთა ზრუნვის სამსახურის მიზნებსა და ფუნქციებს.  გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ, ისინი ინიშნებიან შესაბამის პოზიციაზე. თითოეული კლასის ხელმძღვანელი/მენეჯერი  ზრუნავს ერთ ან ორ კლასზე.

 

ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784