კომაროვის მოსწავლეები ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მეორე ადგილზე გავიდნენ და ინოვაციების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტით MOTION ზაფხულში აშშ -ში, სილიკონ ველიზე, სტენფორდის უნივერსიტეტში ერთ კვირიან ბუთქემფზე გაემგზავრებიან!
- 04 აპრილი, 2019
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე მეხუთე წელია წარმატებით ტარდება და ექსპერტთა კომისიამ მეორე ეტაპზე გასული ოცდაათი გუნდიდან კონკურსის ფინალისთვის ცამეტი გუნდი შეარჩია. ფინალში, კომაროვის "რობოტიკისა და ელექტრონიკის" წრიდან ორი გუნდი მონაწილეობდა პროექტებით "უნივერსალური ავზი" და "მოძრაობის სკანერი". კომაროვში რობოტიკის და ელექტრონიკის წრე ორი წელია ფუნქციონირებს.
კომაროვის მოსწავლეების პროექტი "მოძრაობის სკანერი" - (მონაწილეები: გიორგი ჩხაიძე, იაკობ რიგვავა, ლელა ხოხიაშვილი და ნიკა სვანიძე) II ადგილზე გავიდა და ზაფხულში ხელმძღვანელთან ერთად სილიკონის ველზე სტენფორდის უნივერსიტეტის რობოტიკისა და პროგრამირების საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან. მოსწავლეების პროექტის მიზანია, მაქსიმალურად ზუსტად აღწერონ ადამიანის მოძრაობა და გადაადგილება სივრცეში. თანაბარი გადაადგილების აღწერის მიზნით, მოსწავლეები იყენებენ რამდენიმე სახის განსხვავებული დანიშნულების სენსორს.
პროექტმა "უნივერსალური ავზი" - (შალვა ბუთხუზი, მარი მაჩაიძე, დავით ყაველაშვილი და ალექსანდრე კორკოტაშვილი) მოიგო სპეციალური პრიზი IT Academy-ის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა. შალვა ბუთხუზს გადასცეს სან-დიეგოს უნივერსიტეტში სწავლის 50% დაფინანსება.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2014 წლიდან ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და NASA-ს კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით. წლევანდელი კონკურსის პარტნიორია თიბისი, ხოლო ტექნოლოგიური მხარდამჭერი - სილქნეტი.
„დღეს ჩვენ აქ მოსწავლეების მიერ შექმნილი შთამბეჭდავი, ინოვაციური პროექტები ვნახეთ. მომავალი მეცნიერ-გამომგონებლებიც ალბათ, საკუთარ კარიერა, სწორედ, ასეთი ტიპის პროექტებით იწყებენ. ამ ბავშვების მომავლისთვის მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც ამ კონკურსში მონაწილეობით დააგროვეს. მიხარია, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდაა დაინტერესებული და ჩართული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში. მომავალ მეცნიერ-გამომგონებლებს წარმატებას ვუსურვებ და მადლობას ვუხდი ათასწლეულის განვითარების ფონდს, აშშ-ს საელჩოსა და კონკურსის მხარდამჭერ ყველა უწყებს ამ პროექტის განხორციელებისთვის"- აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.
„მოხარული ვართ, რომ მონაწილეობას ვიღებთ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც გამოხატავს ქართველი მოსწავლეების, ახალგაზრდა ინოვატორების წარმატებას ინჟინერიაში, ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო დისციპლინებში. ეს უნარები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ახალგაზრდებმა და ქვეყანამ მიაღწიოს წარმატებას 21-ე საუკუნეში“ - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა.
„ახალგაზრდებმა შექმნეს პროექტები. ჯამში, 400-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა წელს ამ კონკურსში და 13 გუნდი გადავიდა მეორე ეტაპზე. ყველა პროექტს აქვს პოტენციური შესაძლებლობა, რომ მოხდეს მათი განვითარება და შემდგომ, კომერციალიზაცია,“- განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.
დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე დაესწრნენ.
კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს!