საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კომაროვის სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვება პირადად მიულოცა
- 01 აპრილი, 2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კომაროვის სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უმასპინძლა და ალმატიში გამართულ ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვება პირადად მიულოცა.
მინისტრმა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, ძალიან საამაყოა, რომ პანდემიის მიუხედავად მათ საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს, ასეთი მაღალი შედეგი აჩვენეს და საქართველო მსოფლიო ასპარეზზე კიდევ ერთხელ ასახელეს.
შეგახსენებთ, რომ კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა 1 ოქროს, 7 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს, კომაროვის სკოლის გუნდი კი საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. ოლიმპიადის ფარგლებში ასევე გაიმართა მასწავლებელთა და ოლიმპიელ მწვრთნელთა IV საერთაშორისო ტურნირი, სადაც კომაროვის სკოლის პედაგოგებმა სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. გუნდურ შეჯიბრში კი კომაროვის სკოლის მწვრთნელების გუნდი მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
მიღებული შედეგებით სკოლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში მსოფლიოს სკოლებს შორის ერთ-ერთი ლიდერია.
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, პედაგოგებსა და წრის ხელმძღვანელებს და მომავალ წარმატებებს უსურვებს!