ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტის ფარგლებში კომაროვის სკოლის მოსწავლეების პროექტი ,,Resource Abuse’’, ინგლისური ენის მასწავლებლის - მაია ოთიაშვილის ხელმძღვანელობით სამ საუკეთესო პროექტს შორის დასახელდა!
- 24 ივნისი, 2019
ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, 2018 წლის ბოლოდან განხორციელდა პროექტი, რომელიც ორიენტირებულია პროექტზე დაფუძნებული სწავლების მიმართულებით ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე.
14 ივნისს, გაიმართა „პროექტებზე დაფუძნებული სწავლების“ შედეგების შეჯამება და გამარჯვებულების დაჯილდოვება, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ სკოლების ხელმძღვანელები, ინგლისური ენის მასწავლებლები და საპატიო სტუმრები როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, ისე ბრიტანეთის საბჭოდან.
აღნიშნულ პროექტში კომაროვის სკოლის მე-10.2 კლასის მოსწავლეები -კონსტანტინე ფირცხალაიშვილი, გიორგი ზანგური, დავით სამხარაძე, ნინი ბენდიანიშვილი, თეა პავლიაშვილი, ნია დვალიძე და ანნა არნანია ჩაერთნენ, ინგლისური ენის მასწავლებლის - მაია ოთიაშვილის ხელმძღვანელობით და მათი პროექტი ,,Resource Abuse’’ სამ საუკეთესო პროექტს შორის დასახელდა.
პროექტის მნიშვნელოვანი ამოცანა იყო მოსწავლეთა ინგლისური ენის კომპეტენციის, ასევე, 21-ე საუკუნის უნარების განვითარება ინგლისური ენის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების გზით.
პროექტის აქტივობები
1. შეიქმნა პროექტზე დაფუძნებული სწავლების სატრენინგო მოდული და ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 20 მაღალკვალიფიცური ტრენერებისთვის.
2. ჩატარდა ინგლისური ენის მასწავლებელთა 55 ჯგუფის კასკადური ტენინგი, რომელსაც მთლიანობაში ესწრებოდა ინგლისური ენის 625 მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ტრენინგები ტარდებოდა 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით.
3. შეიქმნა სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის, ერთგვარი გზამკვლევი პროექტებზე დაფუძნებული სწავლებისთვის და იგი განთავსებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
4. ჩატარდა პროექტების კონკურსი პროექტზე დაფუძნებული სწავლების საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენისა და ურთიერთგაზიარების მიზნით, რაც მომავალში ხელს შეუწყობს მასწავლებელთა მოტივაციის გაზრდასა და მათ შემდგომ განვითარებას. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 42 მასწავლებელმა.