გასვლითი გაკვეთილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში!
- 18 დეკემბერი, 2018
2018 წლის 10 დეკემბერს კომაროვის სკოლის მე-8¹ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი - თამარ მშვენიერაძე) სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების საგნის პედაგოგ ნანული გეთიაშვილთან ერთად, გასვლითი გაკვეთილის ფორმატში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ.
გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა სუხიშვილმა ამავე დეპარტამენტის სპეციალისტ - სალომე გოგოლაძესთან ერთად მოსწავლეებს დაათვალიერებინა ცენტრი, გააცნო მათი მუშაობის სპეციფიკა და თავისებურებანი. კერძოდ, სეისმური მონიტორინგის ცენტრი ერთადერთი ეროვნული დაწესებულებაა, რომელიც სეისმური აქტივობისა და მიწისძვრათა შესახებ აგროვებს მონაცემებს. გეოლოგიის დეპარტამენტი კი სწავლობს კავკასიის რეგიონის გეოლოგიურ პრობლემებს, რეგიონის აქტიურ ტექტონიკასა და აქტიური ვულკანიზმს კავკასიის რეგიონში.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სპეციალური ხელსაწყო-დანადგარები, აღჭურვილობა, რომელთა მეშვეობითაც ხდება სეისმური აქტივობისა თუ ტექტონიკური პროცესების კვლევა და პროგნოზირება. შეხვედრამ ინტერაქტიულ გარემოში ჩაიარა და როგორც მოსწავლეები, ასევე საგნის პედაგოგიც კმაყოფილები დარჩნენ ცენტრში ვიზიტით.