კომაროვის სკოლის 2017 წლის კურსდამთავრებული და სკოლის მათემატიკის წრის ხელმძღვანელი, სანდრო საათაშვილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა სრული დაფინანსებით მიიღო!

კომაროვის სკოლის 2017 წლის კურსდამთავრებული და სკოლის მათემატიკის წრის ხელმძღვანელი, სანდრო საათაშვილი  მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა სრული დაფინანსებით მიიღო. აღსანიშნავია, რომ MIT- ის სწავლის წლიური გადასახადი 70 000 დოლარამდე აღწევს. კომაროვის სკოლიდან მეოთხე მოსწავლე გაემგზავრება მასაჩუსეტსის ინსტიტუტში, გიორგი ცხადაძე, დიმიტრი ცხოვრებაძე და ელენე მაჩაიძე ამჟამად MIT-ს სტუდენტები არიან. სანდრო საათაშვილი 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყებს წამყვან ინსტიტუტში სწავლას. სანდრომ SAT-ის ტესტში, რომლის ქულასაც ამერიკული უნივერსიტეტები მიღების დროს დიდ ყურადღებას ანიჭებენ, 1600-დან 1410; SAT –ის მათემატიკის ტესტში 800-იდან 800 და ფიზიკაში 800-იდან 800 მიიღო.


მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) - მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. 2016-2017 წლის QS World University Rankings - ის მიხედვით კი, MIT პირველ ადგილს იკავებს. 


სანდრო კომაროვის წარჩინებული მოსწავლეიყო. ამჟამად კომაროვის სკოლაში წრის მასწავლებელია, სადაც  მოსწავლეებს  მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ამზადებს. სანდროს მოპოვებული აქვს მრავალი წარმატება სხვადასხვა ოლიმპიადაზე: 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO); ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 3 პირველი, 1 მეორე და 1 მესამე ადგილის მფლობელია მათემატიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე; 1 პირველი ადგილის მფლობელია ფიზიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე.


კომაროვის სკოლა ულოცავს სანდროს ამ წარმატებას და მომავალშიც მრავალ გამარჯვებას უსურვებს!


ზემოთ