კომაროვის სკოლის გუნდი პროექტ "წიგნების თაროს" გამარჯვებულია და 2 კვირით დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯში გაემგზავრება!

კომაროვის სკოლის გუნდი პროექტ "წიგნების თაროს" გამარჯვებულია და 2 კვირით დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯში გაემგზავრება. კომაროვის გუნდის შემადგენლობა: გიგი გიორგაძე, მარიამ კვირკვაია და ანი ჯანელიძე. 


„წიგნების თარო“ ორიგინალური ქართული ტელეთამაშია, რომლის თემატიკაც მხატვრული ლიტერატურაა. ტელეთამაშის მესამე სეზონის ფინალში კომაროვის სახელობის სკოლა პირველი ექსპერიმენტული სკოლის წინააღმდეგ იბრძოდა.  კომაროვის სკოლამ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა პროექტში.


თამაშში მონაწილეობს 32 სკოლის გუნდი. თითოეული გუნდში სამი, 15 ან 16 წლის მოსწავლეა. თამაში 7 რაუნდისგან შედგება - 1. ნაწარმოები, 2. პერსონაჟი, 3. ვიდეოშეკითხვა, 4. ციტატა, 5. ავტორი, 6. მაყურებელი, 7. სხვადასხვა. თუ ვერცერთი გუნდი კითხვას ვერ გამოიცნობს, წამყვანი მონაწილეებს დამატებით მინიშნებებს უკეთებს. თუ გუნდი ფიქრის გარეშე გამოიცნობს წიგნს, ის 3 ქულას მიიღებს, თუ ფიქრის შემდეგ - 2-ს, ხოლო თუ დამატებითი მინიშნების დახმარებით - 1-ს. თამაშს ასრულებს ბლიც-ტური - ბლიცში მხოლოდ ერთი მოსწავლე მონაწილეობს, რომელსაც გუნდი თავად ირჩევს. მისი ამოცანაა რაც შეიძლება მეტ კითხვას უპასუხოს. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც ჯამურად მეტ ქულებს დააგროვებს. 

შოუ გრძელდება ერთი სატელევიზიო სეზონის განმავლობაში, ოლიმპიური სისტემით. 

პროექტის მონაწილეები წიგნებით, პლანშეტებით, ვაუჩერებით და სხვადასხვა ნივთებით საჩუქრდებიან, პროექტის გამარჯვებული გუნდი კი 2 კვირით დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯში მიემგზავრება.

კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ გუნდს ამ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებას უსურვებს! 


ზემოთ