ოქროს მედალი „ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირზე“
- 27 ივნისი, 2015
„ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირი“ IYNT (International Youth Naturalists Tournament) არის ყოველწლიური კონკურსი 16 წლამდე მოსწავლეებისათვის, რომელიც მოიცავს 4 სამეცნიერო დისციპლინას : ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკასა და მათემატიკას. წელს ტურნირი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა და მასში 7 ქვეყნის 10 გუნდი მონაწილეობდა. თითო გუნდი საქართველოდან, ბულგარეთიდან, ბელორუსიიდან, ჩინეთიდან და ხორვატიიდან, 2 გუნდი სერბეთიდან, 3 გუნდი კი რუსეთის ფედერაციიდან.
საქართველოდან გუნდი სამი სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული:
ნინო ქიმაძე და დიანა სოხაშვილი – კომაროვის საჯარო სკოლა;
თომა რთველიაშვილი და გიგა ხიზანიშვილი – ილია ვეკუას სახლეობის საჯარო სკოლა;
გვანცა ცუცხაშვილი და მათე შარვაძე – ანდრია რაზმაძის სახელობის საჯარო სკოლა;~
გუნდს ამზადებდა 2 მწვრთნელი: თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი გურამ მიქაბერიძე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა საბაშვილი.
ფინალამდე ჩვენმა გუნდმა უძლიერესი მეტოქეები, რუსეთის სამივე გუნდი, ბელორუსია და მასპინძელი სერბეთის ორივე გუნდი დაამარცხა. ტურნირზე სულ საქართველოს გუნდმა 5 დაძაბული ტური გაიარა და საბოლოოდ მოხვდა ფინალში, სადაც არანაკლებ დაძაბულმა ბრძოლამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და მონაწილე 3-ვე გუნდი (საქართველო, ჩინეთი და ხორვატია) პირველი ადგილის მფლობელად გამოცხადდა.
რაც შეეხება კონკურსის წესებს: მონაწილეებს წინასწარ ეგზავნებათ ამოცანები, რომლებიც რთულ სამეცნიერო პრობლემებს შეიცავენ, რომელთა ბოლომდე ამოხსნა შეუძლებელია, თუმცა მონაწილეებს ევალებათ მაქსიმალურად ნათლად და რაციონალურად დაამუშაონ პრობლემა და შეისწავლონ ის სხვადასხვა პარამეტრის კუთხით.
თითოეული ტური ტარდება 3 გუნდს შორის, რომელთაგან ერთი წარადგენს დამუშავებულ პრობლემას, მეორე ოპონირებას უწევს მას, ხოლო მესამე მიმოიხილავს მათ კამათს. ჟიური აფასებს პრობლემის რაციონალურად ამოხსნას, პრეზენტაციისა და დისკუსიის უნარებს, მათ მიერ დაწერილი ქულებით კი ვლინდება საბოლოო გამარჯვებული.
კონკურსის წესები ითვალისწინებს ჟიურის ცდომილებასაც, რაც განპირობებულია სუბიექტური გადაწყვეტილებით. 2 ქულის სხვაობა ითვლება ცდომილების ფარგლებად და თუ „დამარცხებული“ გუნდი 2 ქულაზე ნაკლებს აგებს, ის არ ითვლება დამარცხებულად. საქართველომ ამ ბრძოლაში მხოლოდ 0.1 ქულა დათმო ჩინელებთან და 1 ქულით აჯობა ხორვატებს. შესაბამისად 3-ვე გუნდს ოქროს მედლები გადაეცა.