კომაროვის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ცოტნე ფურცელაძე კრეატიული წერის კონკურსის საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდთან” თანამშრომლობით ჩაატარა კრეატიული წერის კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესზე საუკეთესო ნაშრომის ავტორის გამოვლენას.

კონკურსი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს მრავალი რაიონიდან. მოსწავლეებს ადგილზე უნდა აერჩიათ სამი სათაურიდან ერთ-ერთი და 1 საათსა და 30 წუთში უნდა შეესრულებინათ დავალება.

კონკურსის ჟიურიში იყვნენ სამინისტროს და "ჰელფინგ ჰენდის" წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, პუბლიცისტები, მწერლები და ამ სფეროს ექსპერტები.

ცოტნეს ნაშრომმა ჟიურის სიმპათია დაიმსახურა და მაღალი ასაკოვრივი კატეგორიის გამარჯვებულად დასახელდა. დაჯილდოება გაიმართა 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ცოტნე სმარტფონით დაჯილდოვდა.

"მე-7 კლასიდან მსურდა, დამემსხვრია სტერეოტიპი და დამემტკიცებინა, რომ კომაროვში მხოლოდ ფიზიკა და მათემატიკა არაა მაღალ დონეზე. მე ეს უკვე მესამედ შევძელი" - განაცხადა ცოტნე ფურცელაძემ.


გთავაზობთ ცოტნეს გამარჯვებულ ნაწერს:


იყო და არა იყო რა, იყო ერთი ველოსიპედი... სახეაცლილი, მრავალგზის წაქცეული და ჩამოტყავებული რკინის მასა. ერთი ჩამონგრეული სახლის კუთხეში განაცრისფრებული, ათასგზის შეკრულ-გადაჭრილი ბაწრით მიება ვიღაცას. არ გეგონოთ იმიტომ, რომ პატრონი ველოსიპედს ვინმესგან იცავდა. მიუხედავად იმისა, რომ ველოსიპედი აქ აღარსად იშოვებოდა, ამ რკინის კონსტრუქციის ქურდი, როგორც მაქსიმუმ, ძლიერი ქარი ან წყალდიდობა თუ იქნებოდა, თორემ მას რომელი ადამიანი მიეკარებოდა; ეს ხომ დიდ სირცხვილად ითვლებოდა “ფრთების სოფელში”, რომელშიც კარგად გაედგა ფესვები ტექნოკრატიულ პროგრესს; იმდენად კარგად, რომ ზედმეტად ჭკვიანმა ადამიანებმა მფრინავი მანქანები დაუფიქრებლად ამჯობინეს ველოსიპედებს. მოსახლეობაზე კიდევ უფრო ჭკვიანი ერთი მეცნიერი ჰყავდა ამ სოფელს, ლუარსაბი ერქვა, ეს მფრინავი მანქანებიც იმისი გამოგონილი იყო. ვინმე რომ მანქანებზე საუბარს დაიწყებდა, უმალ იქ ჩნდებოდა და ლაპარაკში დაუკითხავად ერთვებოდა: „მაშ, კაცო, მაშ, ჩვენ ფრთები არა გვაქვს და რამემ ხომ უნდა გვაფრინოს?! განა არ ვიმსახურებთ, თავქვეშ ხელებამოწყობილებმა ვიფრინოთო?“ იქ მყოფებიც დაუდასტურებდნენ ხოლმე, აბა.. აბაო, - ასე მთავრდებოდა ეს დიალოგი, მერე ახალი იწყებოდა სხვაგან და ლუარსაბიც იქ ჩნდებოდა. ასეთი ცეცხლივით კაცი კი იყო, მაგრამ გარეგნულად უფრო ყინულს წააგავდა. უსწორმასწოროდ ჩაპუტკუნებული და დამრგვალებული გახლდათ. ხალხიც სიხარულით უზიდავდა ხოლმე საჭმელ-სასმელს სახლში; ენერგია ხომ გჭირდება, ახალი რაღაცები კიდევ რომ გამოიგონოო. ასე გრძელდებოდა „ბედნიერებაი ამა სოფლისაი“ და ერთ დღესაც ჰოი, საოცრებავ! ვერცერთი მანქანა ვეღარ აფრინდა... დაიქოქებოდნენ ხოლმე ძრავები, ერთხანს იდუდღუნებდნენ, იდუდღუნებდნენ და ითიშებოდნენ. ლუარსაბი ამბობდა, ხალხი დამძიმდაო, კაცო, ხალხი გასუქდაო. მოგვიანებით, როცა ეს ჰიპოთეზა მართებულად მიიჩნიეს, სოფლის დედაკაცები ჭორაობდნენ ხოლმე, ლუარსაბმა ყველა მოაჯადოვაო, ყველაო. ვინც ამ მანქანებში ჩაჯდა, გასუქდა და ლუარსაბს დაემსგავსაო. თუ ვინმე შეეწინააღმდეგებოდათ, არგუმენტად ის გამხდარი ბიჭი მოჰყავდათ, ადრე ყველა იმით რომ იცნობდა, რომ მფრინავი მანქანა არ ჰყავდა და ველოსიპედით დადიოდა. ახლა კი ყველა იმით  რომ იცნობს, რომ მხოლოდ მას შეუძლია უპრობლემოდ გადაადგილდეს და ვინმეს რამით დაეხმაროს. ამბობს ხოლმე, ჯანსაღი ცხოვრების წესი სიკეთის გარანტია ყოფილაო, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვისო. უი! ლუარსაბი დამავიწყდა.. ჰომ... მის ყურამდეც მისულა ეს ამბავი და ლუარსაბზე ამბობენ, გასულ კვირას თავი ჩამოიხრჩოო... სადღაც ჩაპარულა სარდაფში, -  როგორც ცოლი ამბობს, ამხელა სტრესს ვეღარ გაუძლო ჩემმა ბიჭმაო. რა ვიცი, რა ვიცი, ერთი ლეგენდა შემორჩა. ლეგენდის თანახმად, ლუარსაბის სული ყველა ადამიანს სათითაოდ ეცხადება და ცდილობს, შურისძიების მიზნით, ყველას წაართვას თავისი კუთვნილი “ველოსიპედი”.  შენ შემდეგი ხარ!  არჩევანი შენია!


კომაროვის სკოლის XI კლასის მოსწავლე ცოტნე ფურცელაძე

მასწავლებელი  მაია მენთეშაშვილი


ზემოთ